თელავში ფერმერებთან მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სპეციალისტებმა ქალაქ თელავში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს დეტალურად გააცნეს ლაბორატორიის შესაძლებლობები მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების დიაგნოსტიკის მიმართულებით.

ასევე, განხილული იყო ნიადაგისა და მცენარეთა ნიმუშების აღების, ტრანსპორტირების და ლაბორატორიაში წარდგენის წესები და ვადები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონისთვის აქტუალურ კულტურებს – ვაზსა და ატამს. სპეციალისტებმა ისაუბრეს ყველაზე გავრცელებულ დაავადებებზე, მათი ადრეული გამოვლენის მნიშვნელობასა და პრევენციულ ღონისძიებებზე. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა სარგავი მასალისა და ნიადაგის წინასწარი ლაბორატორიული შემოწმების აუცილებლობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადებების გავრცელების რისკს.

„მრავალი დაავადება ვიზუალურად ერთმანეთის მსგავსია, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მათი ზუსტი იდენტიფიკაციას სპეციალიზებული კვლევის გარეშე. სწორედ ამიტომ, დროული და პროფესიონალური ლაბორატორიული დიაგნოსტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის არა მხოლოდ დაავადებების ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს, არამედ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ხარისხიანი და სტაბილური მოსავლის მიღებას“, – აღნიშნა მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეთერ გვრიტიშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ფერმერებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს, მათ შორის მცენარეთა დაავადებების მართვის თანამედროვე მეთოდებზე და ინტეგრირებული დაცვის პრინციპებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული წარმომადგენლები, რომლებმაც ფერმერებს საკუთარი მიმართულებებით არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

Back to top button