კობა კობალაძე ხელოვნების მუზეუმში, გასულ საუკუნეში, ავსტრალიაში ემიგრირებული ქართველის, შალვა გიგოლაშვილის მოგონებების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, გასულ საუკუნეში, ავსტრალიაში ემიგრირებული ქართველის, შალვა გიგოლაშვილის შესახებ გამოცემული წიგნის_ „მეშვიდე კონტინენტის ქართველის” პრეზენტაცია გაიმართა.

შალვა გიგოლაშვილი 1905 წელს საქართველოში, კერძოდ, გორში დაიბადა. 1919 წელს, მისი მშობლები, ბოლშევიკურად განწყობილმა კრიმინალებმა იმსხვერპლეს. ობლად დარჩენილი ბიჭი, იმ დროს, საქართველოში განთავსებული დიდი ბრიტანეთის ჯარის ოფიცერმა შეიფარა და თავის სამშობლოში წაიყვანა. 1921 წელს, ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შალვა გიგოლაშვილს ზახაროვის გვარი მიენიჭა (მისი მამის სახელის მიხედვით), ხოლო 1922 წელს, იგი, ავსტრალიის თანამეგობრობაში იქნა გადაყვანილი. მას შემდეგ, შალვა გიგოლაშვილის შთამომავლები ავსტრალიაში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.

წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ შალვა გიგოლაშვილის შთამომავლები: შვილი_გრეგორ ზახაროვი და შვილიშვილი_ დევიდ ზახაროვი.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საქპატენტის თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე, ასევე, გრეგორ და დევიდ ზახაროვები. მათ გულწრფელი მადლობა გადაუხადეს წიგნის გამომცემლებს და, ასევე, გულთბილი მასპინძლობისთვის, განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მისი დირექტორის მიმართ.

ინფორმაციისთვის, ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა, გრეგორ ზახაროვი, 2025 წელს დააკავშირა საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურ დირექტორთან, გიორგი კალანდიასთან; წიგნი „მეშვიდე კონტინენტის ქართველი” გრეგორ ზახაროვის მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, გიორგი კალანდიას ინიციატივითა და საქპატენტის თავმჯდომარის, სოსო გიორგაძის ჩართულობით გამოიცა.

ცნობისთვის, გრეგორ ზახაროვი წელს საქართველოს უკვე მეოთხედ ეწვია. რამდენიმე დღის წინ, გრეგორ და დევიდ ზახაროვები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსაც სტუმრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ გრეგორ ზახაროვი ავსტრალიის თანამეგობრობის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების_ვეტერანების ეროვნული გაერთიანების, ქალაქ ჯუნის წარმომადგენლობის პრეზიდენტია, მისი ვაჟი დევიდი კი_ ავსტრალიის თანამეგობრობის სამხედრო საპენსიო კორპორაციის, კერძოდ, ვეტერანთა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი.

Back to top button