კახა კალაძე: გუშინ რაც ლილოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში მოხდა, კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან ცხოველები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან – ეს იყო სპეკულაცია

გუშინ რაც მოხდა ლილოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან ზოგი ცოფით, ზოგი მძიმე ავადმყოფობით.

კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, – განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას. კახა კალაძემ ასევე ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ლილოსა და გლდანში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების მიმართულებით ხორციელდება.

„გარდა ამისა, ლილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სადაც ხდება გაფართოება და გვექნება ძალიან მალე შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც არსებობს ამ მიმართულებით და აწუხებს საზოგადოებას, ჩვენი მხრიდან იყოს მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა,“- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე სპეკულაციას უწოდებს ბოლო დღეებში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ რაც თბილისი მერიამ ბოლო წლების განმავლობაში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციასთან დაკავშირებით სამუშაოები ჩაატარა, ასეთი არასდროს ჩატარებულა.

„მე გუშინ ვისაუბრე და დღესაც გავიმეორებ, სტერილიზაცია-კასტრაციის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა გააკეთა არასდროს არ გაკეთებულა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ იმ ტიპის ქმედებები, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ იყო სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება, ეს არ არის სწორი და კატეგორიულად მიუღებელია. ამ ტიპის ქმედებებით, განცხადებებით და გადადგმული ნაბიჯებით სიძულვილს იწვევენ საზოგადოებაში, თუნდაც ძაღლების, მიუსაფარი ცხოველების მიმართ არ შეიძლება იმ ტიპის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ გუშინ იქ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ,“- განაცხადა კახა კალაძემ.

Back to top button