
თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაუპატიურების და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ მეუღლის შვილიშვილს რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა. ასევე უმწეო მდგომარეობაში მყოფი მეუღლის შვილიშვილების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ახორციელებდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” და „დ” ქვეპუნქტებით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის და ნდობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „ბ” და მე-4 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის და ნდობის გამოყენებით, ჩადენილი არასრულწლოვანის და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ) (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.