
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
ამავე საქმეზე ბრალდება წარედგინება კიდევ ერთ ფიზიკურ პირს და ოთხ იურიდიულ პირს.
საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შეიმუშავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიზანიც უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემა იყო. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მასალის წარმოშობის წყაროს დაფარვის მიზნით, სხვადასხვა ფიქტიური კომპანიისგან დოკუმენტურად ყიდულობდნენ ხის მასალას და ამ გზით, ხელოვნურად ქმნიდნენ საქონლის ნაშთს. აღნიშნული ყალბი დოკუმენტაციის შემოსავლების სამსახურში წარდგენის შემდეგ, ისინი უკანონოდ მოპოვებული მასალის ექსპორტს ახორციელებდნენ.
დაკავებულებმა, სხვადასხვა კომპანიების სახელით, ექსპორტზე ჯამში 13 073 კუბური მეტრი წიფლის ჯიშის ხის მასალა გაიტანეს, რითაც 8 960 588 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მსგავსი დანაშაულის გახშირების გამო, მკაცრად აფრთხილებს სამართალდამრღვევებს, რომ კონტროლი გამკაცრებულია. ნებისმიერი მცდელობა, უკანონო შემოსავლებს მიეცეს კანონიერი სახე, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, დამნაშავეთა მიმართ კი გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.