სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1982 წელს დაბადებული ი.ჩ. ფოთში, საბაჟო გამშვებ პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს.

ბრალდებულის სამგზავრო ჩანთის შემოწმებისას პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ უწყებაში.

Back to top button