ლაშა დოლიძე: მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაგვეუმჯობესებინა არსებული პროექტები და ამ გზით გაგვეგრძელებინა განვითარება

„სოფლის მეურნეობაში გვაქვს გარკვეული პოზიტიური ძვრები და ზრდა, თუმცა რამდენად გვაკმაყოფილებს ეს შედეგები, ცალკე საკითხია. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაგვეუმჯობესებინა არსებული პროექტები და ამ გზით გაგვეგრძელებინა განვითარება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამოცანა შეიძლება ჩამოყალიბდეს სამი ძირითადი განმსაზღვრელი ელემენტის მიხედვით. პირველ რიგში, პროგრამები ხდება უფრო ერთიანობაზე და ინტეგრირებულ მიდგომაზე ორიენტირებული. ეს გულისხმობს, რომ ბენეფიციარს, მეწარმეს, სოფლად მცხოვრებს, ვისაც სურს პროექტის განხორციელება, აღარ მოუწევს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის ცალ-ცალკე გამოყენება ერთი პროექტის შესაკრავად. ეს ყველაფერი მოქცეულია ერთი ქოლგის ქვეშ, რაც პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

მეორე, პროგრამები უნდა იყოს მკაფიოდ შედეგზე ორიენტირებული. ეს გულისხმობს მონიტორინგის სისტემის გაძლიერებას – დაწყებიდან დასრულებამდე, რათა შესაძლებელი იყოს დახარჯული რესურსების ეფექტიანობისა და შედეგების ზუსტად გაზომვა დროში და სივრცეში.

მესამე, მნიშვნელოვანია იმ ამოცანების გადაწყვეტა, რომლებიც უკავშირდება ექსპორტის ზრდას, ახალ ბაზრებზე გასვლას და არსებულ ბაზრებზე პოზიციების გამყარებას. ამასთანავე, სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით არსებობს გარკვეული სექტორები, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას.

Back to top button