გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 364 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია. 111 – სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანება, 159 – მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში წვა, 31 –  კანალიზაციის ან/და შლამისებრი ნარჩენით ტერიტორიის დაბინძურება, 21 – ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება/დაბინძურება, 63 – კომპანიის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სპეციალური ვალდებულებების შეუსრულებლობა, 20 – სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, 143 კი – სხვა დარღვევა.

ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

Back to top button