სოლომონ პავლიაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილესთან, ფილიპ კუფასთან, შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და ნარჩენების მართვის სფეროში მიმდინარე რეფორმები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემის ეფექტიან დანერგვასა და პრაქტიკულ აღსრულებაზე გაკეთდა. აღინიშნა, რომ აღნიშნული მექანიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს ნარჩენების შემცირების, გადამუშავებისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

სოლომონ პავლიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუშაობს შეფუთვის ნარჩენებისა და ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების მართვის ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცებაზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტიანობას ქვეყანაში.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს სახიფათო და მუნიციპალური ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებზე და ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის შესაძლებლობებზე.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის „Woods and Co“ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საქართველოში ნარჩენების მართვის სექტორის განვითარების პერსპექტივებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ბრატისლავაში გამართულ შეხვედრებს სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე ქვაჩაკიძე ესწრებოდა.

Back to top button