
აგროთანადაფინანსების პროექტის უპირატესობებზე საუბრის დროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა.
„გამჭვირვალობა პროექტებს მატებს სანდოობას. ზუსტად ამიტომ, მაქსიმალურად გამჭვირვალეს ვხდით პროცესს იმისთვის, რომ ნდობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ფერმერების მხრიდან. თავიდანვე ნახონ, პროცესს როგორ უნდა გაყვნენ, რა არის მნიშვნელოვანი, რა უნდა გაითვალისწინონ და რატომ მიიღეს ან ვერ მიიღეს მხარდაჭერა. რა აქვთ გასაძლიერებელი და სად შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ დამატებით“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმისათვის, რომ პროექტი დაფინანსდეს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია განმახორციელებლის კვალიფიკაცია – აქვს თუ არა შესაბამისი გამოცდილება, ჰყავს თუ არა შესაბამისი აგრონომი, შესაბამისი სპეციალისტი.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, ყველა კომპონენტი, რომელიც საჭიროა პროექტის წარმატებისთვის, თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული.