
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, არსებული პრაქტიკების შესაბამისად, პერიოდულად ხდება აგრარული პოლიტიკის გადახედვა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ერთი სრული ფაზა ფაქტობრივად დასრულდა.
როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ პროცესები მნიშვნელოვნად დააჩქარა. რეგიონში მიმდინარე ომებმა და კრიზისებმა მიწოდების ჯაჭვების რღვევა და სხვადასხვა ეკონომიკური პროცესის ცვლილება გამოიწვია, რამაც აგროსასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით ახალი გამოწვევები წარმოშვა.
მისივე თქმით, აღნიშნულმა გარემოებებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაუმჯობესებას. ეს გულისხმობს იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივად წარმოებული პროდუქციით, ხოლო იმ მიმართულებებში, სადაც საქართველოს საექსპორტო პოტენციალი გააჩნია, დამატებითი რესურსების მიმართვას და ექსპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას.
„საჭიროება დადგა გადახედილიყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის მხარდაჭერის პროგრამები და, შესაბამისად, წახალისებული ყოფილიყო მაქსიმალურად ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.