რატი იონათამიშვილი: არის რაღაც, რაზეც ყველანი უნდა ვთანხმდებოდეთ – რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია, საქართველო არის ევროპა და შეზღუდული შესაძლებლობა დიაგნოზი არ არის!

არის რაღაც, რაზეც ნებისმიერი საჭიროების, ინტერესის და ფასეულობის მქონე ადამიანები უნდა ვთანხმდებოდეთ. რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია, საქართველო არის ევროპა და შეზღუდული შესაძლებლობა დიაგნოზი არ არის! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლედ, ძალიან ბევრი დისკრიმინაციული ტერმინი და გამონათქვამი მოვისმინეთ შშმ პირთა მიმართ, ამ ორი დღის განმავლობაში, რაც არასდროს უნდა ვთქვათ და გავიმეოროთ:

სმენის არმქონე ადამიანზე – „არ შეეძლო სრულფასოვანი კომუნიკაცია”; მას შეუძლია სრულფასოვანი კომუნიკაცია, რადგან ჟესტური ენა მისთვის სამეტყველო ენაა, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ეს ენა და რადგან ჩვენ არ ვიცით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეუძლია კომუნიკაცია და მითუმეტეს, სრულფასოვანი კომუნიკაცია.

„არ შეუძლია საუბარი”; ინგლისურენოვან ადამიანზე, ვინც ქართული არ იცის, ხომ არ ვიტყვით იმავეს? სმენის არმქონე ადამიანები ჟესტური ენით ცნობენ, არათუ ვინ რა ეროვნების არის, არამედ რომელ დიალექტზე საუბრობს.

„შშმ პირი და ნორმალური ადამიანები”; ეს საერთოდ ყველაზე შეურაცხმყოფელი დეფინიციაა. სხვათა შორის, ეს თქვა შშმ პირთა მიმართ სიძულვილით ცნობილმა „ემპათიის” ხელმძღვანელმა და ჟურნალისტიც დაეთანხმა – დეფინიცია არ შეუსწორა… სინამდვილეში ვამბობთ: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტიპური განვითარების მქონე…”

„ყრუ-მუნჯი” უნდა ვთქვათ – ყრუ, ან – სმენის არმქონე, ან სმენადაქვეითებული ადამიანი/პირი. ის, რომ პირს ბგერები არ ესმის, არ ნიშნავს, რომ ის მუნჯია და ვერ მეტყველებს. ძალიან კარგადაც მეტყველებს და ყველაფრის გადმოცემაც შეუძლია!

„განსაკუთრებული საჭიროების პირი“; იყო შშმ პირი, არ ნიშნავს რომ ხარ განსაკუთრებული საჭიროების. ეს არის საგანმანათლებლო ტერმინი, რომელიც ინკლუზიური განათლების ჭრილში გამოიყენება და არამხოლოდ შშმ პირებს აერთიანებს, არამედ ნებისმიერი საჭიროების მქონე მოსწავლეს. მათ შორის, რთულად აღსაზრდელს, ეთნიკური უმცირესობის მოსწავლეს, ვუნდერკინდს და ა.შ.

„უნარშეზღუდული“ – ეს არის ტერმინი, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს სტერეოტიპულ აზროვნებას და სამედიცინო მოდელს;

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“. შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დიაგნოზი და არც შშმ პირები ვართ პაციენტები. ყველა უნარი არც ერთ ადამიანს არ აქვს განვითარებული, შესაბამისად, ჩვენ იმაზე კი არ უნდა გავაკეთოთ, თუ რა არ შეგვიძლია, არამედ უფლებრივ ჭრილში, ვის რა საჭიროება გვაქვს თანაბარი უფლებებისა და გარემო-პირობებისთვის.

თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვაპროტესტებდი დისკრიმინაციულ და დამამცირებელ ტერმინებს, რომელიც მედია საშუალებებში პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ექსპერტების, თუ სხვა საჯარო აქტორების მხრიდან უხვად მოდიოდა შშმ პირთა მიმართ, განსაკუთრებით, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა აქტუალური. ყოველივე ეს ახალისებდა და ახალისებს დისკრიმინაციას და არის ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რაც საჭიროებს ჩვენი მხრიდან რეაგირებას. კერძოდ: დაინვალიდება; ინვალიდიზაცია; ინვალიდის ეტლი; გახდება ინვალიდი და იქნება უმწეო (???); „ყრუები და ბრმები ხომ არ ვართ”, „ბრმები და ყრუები უნდა იყოთ, რომ…”

ნებისმიერი, მსგავსი გამონათქვამი, ან ფრაზა, რომელიც საჯაროდ მოვისმინეთ და არ გვქონდა საკმარისი რეაქცია, იყო მორიგი აგური შშმ პირთა მიმართ სიძულვილისა და სტიგმის გაძლიერების პროცესში. იმედია, ახლა მაინც შევიგრძნობთ ამას, თორემ ერთ წინადადებაში თან ამბობდე რომ იცავ შშმ პირების უფლებებს და თან სიძულვილის ენას უწევდე პროპაგანდას, არის ფარისევლობა.

არანაირი პოლიტიკა. არის რაღაც, რაზეც ნებისმიერი საჭიროების, ინტერესის და ფასეულობის მქონე ადამიანები უნდა ვთანხმდებოდეთ. რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რუსეთი ოკუპანტია, საქართველო არის ევროპა და შეზღუდული შესაძლებლობა დიაგნოზი არ არის! – წერს იონათამიშვილი Facebook-ზე.

Back to top button