
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს და საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხზე იმსჯელეს.
აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის წარმატებული ეკონომიკური ურთიერთობები წლიდან წლამდე მზარდია და ეს დინამიკა სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც დადებითად აისახება, ქვეყანა საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც საინვესტიციო, ისე ტურიზმის სფეროში.
ეკონომიკის მინისტრმა თურქეთის ელჩთან ასევე განიხილა საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობის გაფართოება ტრანსპორტსა და ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ ეს პარტნიორობა გადამწყვეტ როლს ასრულებს რეგიონული კავშირების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ფართო ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში.
მარიამ ქვრივიშვილმა მუსტაფა თურქერ არის დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
თურქეთის ელჩთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი.