
ჩვენი მიზანია, მზარდი დაკავშირებადობა და ტვირთნაკადები გარდავქმნათ უფრო ფართო ეკონომიკურ შესაძლებლობებად, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბაქოში მიმდინარე აზერბაიჯანის მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა.
შუა დერეფნის შესაძლებლობებზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ შუა დერეფნის სრული პოტენციალის რეალიზება მხოლოდ კოორდინირებული და ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.
„სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება, ვაჭრობის ხელშეწყობის გაუმჯობესება, ციფრული დაკავშირებადობის განვითარება და ინფრასტრუქტურისა და სერვისების ჰარმონიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება დერეფნის უფრო ეფექტიან, კონკურენტუნარიან და მდგრად სისტემად ჩამოსაყალიბებლად.
ღრმა ეკონომიკურ ინტეგრაციასთან ერთად, ამ ძალისხმევას შეუძლია წვლილი შეიტანოს უფრო უსაფრთხო და საიმედო ღირებულებათა ჯაჭვების შექმნასა და ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის, თურქეთის, ევროპისა და ჩინეთის ბაზრებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებაში. შესაბამისად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა უბრალოდ სატრანზიტო მოცულობების გაზრდა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ მზარდი დაკავშირებადობა გარდაიქმნას მეტ ინვესტიციად, ხელი შეუწყოს პროდუქტიულობისა და დამატებული ღირებულების ზრდას და დასაქმების ახალ შესაძლებლობებს მთელ რეგიონში”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
პანელურ დისკუსიაში ვახტანგ ცინცაძესთან ერთად მონაწილეობდნენ თურქმენეთის, ყაზახეთის, გერმანიის, ჩინეთის მთავრობების წარმომადგენლები, ასევე Kibar Holding-ის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ხელმძღვანელი პირები.