
„დღეს საქართველო მიზანმიმართულად ყალიბდება სახელმწიფოდ, სადაც ევროპა და აზია არამხოლოდ გეოგრაფიულად ხვდებიან ერთმანეთს, არამედ ეფექტიანადაც უკავშირდებიან” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების” პრეზენტაციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, თუმცა მისი ეფექტიანი გამოყენება ქვეყნის შეგნებული არჩევანია. მისივე შეფასებით, ბოლო ერთი წელი გარდამტეხი იყო საქართველოს რკინიგზისთვის – კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცესში რკინიგზა არის ის ხერხემალი, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკური მომავალი, რეგიონული როლი და გლობალური ინტეგრაცია დგას.
„ბოლო წლებში მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რამდენად მყიფეა ტრადიციული მარშრუტები. გაიზარდა რისკები და გაჩნდა მოთხოვნა ახალ, სანდო და პროგნოზირებად დერეფნებზე. სწორედ ამიტომ შუა დერეფანი გახდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომაა საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესი არა შემთხვევითი, არამედ ლოგიკური შედეგი, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველო მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა და იყოს სანდო პარტნიორი, რაც ქვეყნისთვის არამხოლოდ ეკონომიკური შესაძლებლობა, არამედ სახელმწიფოებრივი ამოცანაა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. ერთობლივი ძალისხმევით შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ პერსპექტივა, არამედ ის ხდება რეალური და სულ უფრო კონკურენტუნარიანი ალტერნატივა გლობალურ ვაჭრობაში”, – აღნიშნა მინისტრმა.