მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის თანათავმჯდომარეობით საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა.

კომისიის სხდომას თურქმენეთის მხრიდან თანათავმჯდომარეობდა ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ნაზარ აგაჰანოვი.

სხდომაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო თურქმენეთს განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, საქართველო თურქმენეთისთვის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კარიბჭე და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო კვანძია.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ინვესტიციაზე, რომელიც საქართველოს ძირითად სატრანსპორტო – ლოგისტიკურ სექტორში ხორციელდება და მიმართულია შუა დერეფანში ქვეყნის ფუნქციის გაზრდაზე.

სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებას.

სხდომაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხი.

სხდომას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

Back to top button