
„ჩვენ ვერ დავივიწყებთ იმ უსამართლობას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს მიმართ ჩაიდინა და მათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან. დეტალებში არ შევალ“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც უკრაინას შეიძლება სურდეს იმ შეცდომების გამოსწორება, რომელიც საქართველოსთან მიმართებით დაუშვა.
„არის ძალიან ბევრი ფაქტორი, რატომაც საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი, იგივე ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და კიდევ სხვადასხვა ბევრი საკითხიდან გამომდინარე. არის რაღაც საკითხები, რომელზეც შეიძლება ასე საჯაროდ არ იყოს მიზანშეწონილი საუბარი.
უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გადაიაზროს და რაღაც ნაბიჯებით დაგვანახოს ის, რომ რაღაცების გამოსწორების სურვილი აქვთ. ეს არის იმის წინა პირობა, რომ რაღაცები გაჯანსაღდეს და დაიწყოს მეგობრული ურთიერთობა. ის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ერთ დღეში შეგვიძლია ყველაფერი დავივიწყოთ და ხვალვე დავიწყოთ მეგობრული ურთიერთობა, ეს არის გამორიცხული“, – აღნიშნა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ შეცდომების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოსთან მიმართებით დაუშვა.
„ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ეს ხელისუფლება ზრუნავს ამ შეცდომების გამოსწორებაზე“, – დასძინა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.