პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და სისტემატურად „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ.

ბრალდებულები როგორც ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად, ისე დამოუკიდებლად, მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

ასევე, ბრალდებულთა ნაწილი, თბილისის სხვადასხვა უბანში კონკრეტულ პირებს არჩევდნენ, მათი ნების საწინააღმდეგოდ ინტერნეტ ბანკის საშუალებით სესხებს ააქტიურებინებდნენ, შემდეგ კი საკუთარ ანგარიშზე რიცხავდნენ და დიდი ოდენობით თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა), 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

Back to top button