საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობების ერთობლივი კომუნიკე

მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ყოვლისმომცველი შეთანხმებების ხელმოწერით. დოკუმენტების ხელმოწერა შედგა ბაქოში 2026 წლის 18 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თანდასწრებით. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა ხელმოწერილი დოკუმენტების მნიშვნელობას თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს – მრავალი ქვეყნის დამაკავშირებელი ცენტრის მნიშვნელოვანი როლი და ამ მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.

ხელმოწერილი დოკუმენტები მოიცავს მთავრობათაშორის შეთანხმებებს:

ა) საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ,

ბ) საერთაშორისო ბაზრებისთვის აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მისაწოდებლად სატრანზიტო დათქმების გაგრძელების შესახებ,

გ) საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ,

დ) საქართველოს ტერიტორიის გავლით – ტრანზიტის საშუალებით – თურქეთისადმი ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტებს შორისაა, ასევე, საკოორდინაციო საბჭოს ოქმი, რომელიც ადასტურებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ფარგლებში განხორციელებული მოდერნიზაციის პროცესის მიღება-ჩაბარებას და სამუშაოების დასრულებას.

ზემოაღნიშნული მთავრობათაშორისი შეთანხმებების განსახორციელებლად, ორივე ქვეყნის შესაბამისმა სახელმწიფო ენერგოკომპანიებმა ხელი მოაწერეს პირობების თავებს, რომლებიც განსაზღვრავენ ვადებში სრულად გაწერილი შეთანხმებების ძირითად კომერციულ პირობებს, რომელთა გაფორმება მოხდება არაუგვიანეს 2026 წლის 15 ოქტომბრისა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიას „SOCAR“, „SOCAR Midstream Operations“ LLC და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შორის ხელი მოეწერა საოპერაციო შეთანხმების ძირითად პირობებს, რომლებიც განსაზღვრავენ დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის საქართველოს მონაკვეთის – მათ შორის სუფსის ნავთობტერმინალისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების პირობებს.

სარკინიგზო ხაზის მართვის პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს ოქმით მოხდა, ასევე, შესაბამისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოფიციალური გადაცემა ერთობლივი საწარმოსთვის – „BTKI Railways“ LLC – რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონული კავშირის გაძლიერების გზაზე. მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ 2026 წლის 26 მაისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე ყოველდღიური სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგება.

Back to top button