
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, თბილისი ირანელი რეკრუტირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა, – ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Washington Free Beacon სტატიას, რომლის ავტორი, ადამ კრედო, ოპოზიციის მხარდამჭერების – ჯო უილსონისა და ლუკ კოფის გარდა, ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის განცხადებებსაც ეყრდნობა.
კანდელაკი აცხადებს, რომ ალ-მუსტაფას, რომელიც დონალდ ტრამპმა 2020 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, საქართველოში უნივერსიტეტის სამი კამპუსი აქვს.
„ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს საქართველოში სამი კამპუსი აქვს და, მოგეხსენებათ, ირანში ეს სერიოზული ორგანიზაციაა, რომლის წლიური ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. სულ მცირე ერთ შემთხვევაში, ალ-მუსტაფას წარმომადგენელი მხილებული იყო მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში. ასე რომ, ამ ტიპის ადამიანებს და ამ დაწესებულებას, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს სამი კამპუსი აქვს“, – აღნიშნავს კანდელაკი.
ოპოზიციონერი გამოცემასთან იმასაც აცხადებს, რომ არსებობს „დადასტურებული შემთხვევები“, როდესაც ალ-მუსტაფას ფილიალები „გამოიყენება პირების რეკრუტირებისთვის ან აშშ-ს წინააღმდეგ ოპერაციებისთვის“.
ცნობისთვის, ეს არ არის გიორგი კანდელაკის პირველი ანტიქართული განცხადება – ჯერ კიდევ მარტში, თანაავტორ ლუკ კოფისთან ერთად მომზადებულ კვლევაში, რომელიც „ჰადსონის ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა, კანდელაკი საქართველოში ირანის გავლენების ზრდას უარგუმენტოდ ამტკიცებდა.