
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია – „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ”. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ანგარიშის პრეზენტაცია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ხელმძღვანელობით გაიმართა. საუბარი შედგა ანგარიშის ძირითად მიგნებებზე, დასკვნებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც საქართველოს პოლიტიკის, ინსტიტუციური გარემოსა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სიღრმისეულ ანალიზს ეფუძნება. მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა ღონისძიების, როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმის როლს დიალოგისთვის, რომლის ფარგლებშიც შედგა საქართველოსთვის სამართლიანი ენერგეტიკული ტრანზიციის პრიორიტეტების, არსებული გამოწვევების და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ღონისძიების ფარგლებში ასევე თემატური პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები გაიმართა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური ენერგეტიკული სისტემის განვითარებას.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლები მათ შორის: გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო (Energy Community Secretariat), ბიზნეს ასოციაცია და სხვა დაინტერესებული მხარეები.