მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ამოცანაა, აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება

„ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული როლით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და დღევანდელი მონაცემებით, მას 9.5%-იანი წილი უკავია ეროვნულ ეკონომიკაში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2025 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული 4.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7.8 მილიონს გადააჭარბა.

„საქართველოს მთავრობა განაგრძობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას და შედეგები წლიდან წლამდე თვალსაჩინოა. ინდუსტრია ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს, რაც საკმაოდ რთული მისაღწევია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მაღალია კონკურენცია. მოხარულები ვართ, რომ გასული წელი ამ მხრივ გამორჩეული და წარმატებული აღმოჩნდა.

მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტუმარმასპინძლობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის აქტიურ ხელშეწყობას. 2015 წლიდან სახელმწიფოს მხარდაჭერით სექტორში 1.4 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და ამ პროგრამების ფარგლებში შეიქმნა 400-ზე მეტი განთავსების ობიექტი და კერძო სექტორთან პარტნიორობით უზრუნველყოფილ იქნა 8 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის გაჩენა”, – აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ხედვასთან, რომელიც აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„ჩვენ განვაგრძობთ ტურისტული პროდუქტების და ინფრასტრუქტურის, ისევე როგორც საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მსურს ხაზი გავუსვა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობას – უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას მისი შემდგომი გაფართოების გეგმაც წარვუდგინოთ. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა იქნება უმნიშვნელოვანესი და ძალიან დადებითი შედეგების მომტანი მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმის სექტორისთვის და განსაკუთრებით აჭარის რეგიონისთვის. რაც თანხვედრაშია ჩვენს მთავარ ამოცანასთან, რომ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

Back to top button