
საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია ემატება. რუმინული Dan Air თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულებას მომავალი თვიდან შეუდგება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე აცხადებს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება და ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.
„Dan Air იქნება ევროპიდან რიგით მე-17 ავიაკომპანია, რომელიც განახორციელებს ფრენებს, ხოლო ბუქარესტი-თბილისის მიმართულება იქნება რიგით 42-ე საჰაერო ხაზი, სადაც შესრულდება ფრენები.
საქართველოსა და ევროპას შორის ამჟამად ფრენები ხორციელდება 160 სიხშირით. ევროპული ავიაკომპანიების წილი საქართველოს საავიაციო ბაზარზე 35%-ს შეადგენს და აღნიშნული მაჩვენებლები ნათლად მეტყველებს იმას, რომ საქართველოსა და ევროპას შორის საჰაერო მიმოსვლა წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება”, – განაცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.