
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანიიდან ღვინის პროფესიონალები, ჟურნალისტები, ბლოგერები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ.
9-კაციანი ჯგუფის წევრები ქართლსა და კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო, გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიებსა და პროცესს.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
გერმანია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია გაყიდვების მზარდი მაჩვენებლით. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 670 ათასამდე ლიტრი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 33%-ით აღემატება.