
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით შვეიცარიასა და გერმანიაში იმყოფებოდნენ.
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და GIZ-ის მხარდაჭერით ორგანიზებული სასწავლო ტურის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შვეიცარიისა და გერმანიის სატყეო უბნები მოინახულეს. ვიზიტის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ტყეებზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების, ტყის აღდგენა-გაშენებისა და დაზიანებული ხეების უსაფრთხოდ ჭრის მეთოდებს, ასევე ხე-ტყის დამზადების პრაქტიკულ გამოცდილებას. მხარეებმა ერთმანეთს პროფესიული სატყეო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით არსებული გამოცდილებაც გაუზიარეს.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ციურიხის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ესტუმრნენ, სადაც კლიმატის ცვლილების პირობებში ტყის მართვის მოდელებსა და უახლეს კვლევებს გაეცნენ. შეხვედრა გაიმართა ასევე შავი ტყის ბუნების ცენტრში, სადაც შვეიცარიელმა კოლეგებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემებზე: „ბუნების დაცვა და საზოგადოება“, „კონფლიქტები ველურ ბუნებასთან“, „კონსერვაცია და ტურიზმი“.
„მიმდინარე სატყეო რეფორმის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ხარისხიანად და უსაფრთხოდ განხორციელება, რისთვისაც აუცილებელია კვალიფიციური კადრების არსებობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის ფარგლებში შვეიცარიასა და გერმანიაში ტყის მართვის არსებულ სისტემებთან ერთად გავეცანით სატყეო განათლების საკითხებსაც, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მიმდინარე წელს, სატყეო რეფორმის ფარგლებში, უპრეცედენტოდ გაიზარდა ტყის მცველებისა და მეტყევეების რაოდენობა“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.
სასწავლო ვიზიტი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა – ECO.Georgia“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით ხორციელდება.