„ონკოლაინ ჯორჯია“: ღირსეული ხუმრობა და დაავადებული ადამიანის დაცინვა ერთი და იგივე არ არის – მოვუწოდებთ სიუჟეტის ავტორებსა და წამყვანებს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ყველა ონკოპაციენტის წინაშე

კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და გმობს ცნობილი იუთუბერების ვიდეოს, რომელშიც სიცოცხლისთვის საშიში ონკოლოგიური დაავადება – ლეიკემია და ამ დაავადების მქონე ადამიანების მკურნალობის შედეგად გამოწვეული თმის ცვენა, დაცინვისა და სიცილის საგნად იქცა. ორგანიზაციის განცხადების თანახმად, დაავადებაზე და მის ხილულ კვალზე სიცილი არ არის იუმორი და „სკეტჩის“ ავტორებსა და წამყვანებს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს, გადაცემის სპონსორებს და პარტნიორებს კი – მსგავსი შინაარსის მიმართ თავიანთი დამოკიდებულების საჯაროდ განსაზღვრისაკენ. „ონკოლაინ ჯორჯიას“ განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ პაციენტები ხშირად სწორედ იუმორით უმკლავდებიან ყველაზე მძიმე დღეებს, მაგრამ დაავადებული ადამიანის დაცინვა და ხუმრობა ერთი და იგივე არ არის.

„ოფიციალური განცხადება კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია“ 25 ივნისი, 2026 კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია“ გმობს ბოლო პერიოდში გავრცელებულ სიუჟეტს, რომელშიც ლეიკემია – სიცოცხლისთვის საშიში ონკოლოგიური დაავადება – და მისი მქონე ადამიანების მკურნალობის შედეგად დამდგარი თმის ცვენა დაცინვისა და სიცილის საგნად იქცა. თმის ცვენა ქიმიოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მძიმე გვერდითი მოვლენაა. ის არ არის ხუმრობის თემა – ეს იმ ადამიანების რეალობაა, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან. დაავადებაზე და მის ხილულ კვალზე სიცილი არ არის იუმორი. ეს არის ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანის ღირსების შელახვა და მათ მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის გაღრმავება. ჩვენ არ ვართ იუმორის წინააღმდეგ.

ჩვენი პაციენტებიც ხშირად სწორედ იუმორით უმკლავდებიან ყველაზე მძიმე დღეებს. მაგრამ ღირსეული ხუმრობა და დაავადებული ადამიანის დაცინვა ერთი და იგივე არ არის. პირველი ეხმარება, მეორე – აზიანებს. მოვუწოდებთ სიუჟეტის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის გიორგი კალატოზსა და ნიკა შევარდნაძეს, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ყველა ონკოპაციენტის წინაშე და გაიაზრონ თავიანთი ნათქვამის რეალური ფასი. ასევე მოვუწოდებთ სიუჟეტის სპონსორებსა და პარტნიორებს, მათ შორის Betsson Sport-სა და TBC Bank-ს, საჯაროდ განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება მსგავსი შინაარსის მიმართ და გადახედონ, რა ღირებულებებს უჭერენ მხარს თავიანთი დაფინანსებით. ონკოპაციენტები იმსახურებენ პატივისცემას, თანადგომასა და ღირსებას – და არა გასართობ კონტენტად ქცევას. მთელი კიბოს პაციენტთა ორგანიზაცია შეძრწუნებული ვართ ჩვენდამი ამგვარი დამოკიდებულებით. ვითხოვთ, რომ ყველა მხარემ გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე. პატივისცემით, კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია „ონკოლაინ ჯორჯია“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც „ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი სოფიკო ფირანიშვილი ავრცელებს.

Back to top button