
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს სამეზობლოში გავაძლიეროთ თანამშრომლობა. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში: აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ცენტრალურ აზიაზე და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებაზე.
„ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი და ასევე ჩვენი პოლიტიკური რესურსები. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩინეთთან მიღწეული პროგრესი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც არის ახალი ეტაპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ. ეს ყველაფერი არის გამოხატული კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებში, როგორც პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერებაში, ასევე ეკონომიკური კუთხით ხელშესახებ პროგრესში. 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 45 პროცენტით. იანვარ-აპრილში სამჯერ გაიზარდა ქართული საქონლის ექსპორტი ჩინეთში. საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 2025 წელს 44 პროცენტით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით გაიზარდა 49 პროცენტით. ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც მოაქვს კონკრეტული შედეგები”, – განაცხადა პრემიერმა.