
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები ზაფხულის საბაზისო კურსს გადიან.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ტარდება. პრაქტიკული მეცადინეობები საჩხერისა და ჭიათურის საწვრთნელ უბნებზე მიმდინარეობს. მონაწილეები კლდეზე ცოცვის, მდინარის ფორსირების, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, მაღალმთიან რელიეფზე გადაადგილების, დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, ევაკუაციისა და ღამის მარშის უნარ-ჩვევებს ეუფლებიან და პრაქტიკაში ახორციელებენ.
სამკვირიანი სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ.