მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ შუა დერეფნის ქვეყნებისთვის

„ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ყაზახეთთან ურთიერთობების გაძლიერებასა და გამყარებას” – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი, მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა.

„ვიზიტის ფარგლებში გვქონდა არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი, მაღალი რანგის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყაზახეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის, არამედ სხვა რეგიონის ქვეყნებისთვისაც, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ყაზახეთში გამართულ შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, მათ შორის, შუა დერეფნის ქვეყნებისთვის – თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერირებაში გაშვებას ზოგადად ჩვენი რეგიონისთვის და შუა დერეფნისთვის” – განაცხადა მინისტრმა.

Back to top button