თამარ იოსელიანი უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მამანბი ომაროვს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, მამანბი ომაროვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატებში.

თამარ იოსელიანმა უზბეკ კოლეგას გააცნო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმართულია საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზებაზე, თბილისის ახალ აეროპორტზე და სხვ. აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბს რეგიონში, შესაძლებლობა აქვს პარტნიორებს შუა დერეფნის ფარგლებში, შესთავაზოს მულტიმოდალური გადაზიდვების სრული სპექტრი აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადასაზიდად.

შეხვედრაზე უზბეკეთის მხარემ ინტერესი გამოხატა, გაიზარდოს უზბეკური პროდუქციის ტრანზიტი საქართველოს სატრანსპორტო – ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მეშვეობით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უზბეკეთის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპორტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს შეისწავლის.

Back to top button