ნანა ჟორჟოლიანი: სააკაშვილი ფიქრობს, რომ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიაში შესვლა და ამიტომ ქმნის საბჭოს – დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი ცვლილებებისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული რეფორმატორთა საბჭოს შექმნის შესახებ, ნანა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ იქნება საბჭო, რომლის აღმასრულებელ მდივნადაც თავად მოიაზრება, პარტიისგან დამოუკიდებელი.

ჟორჟოლიანის თქმით, სააკაშვილს ესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაქმნის პროცესში მონაწილეობა სურთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ პარტიაში შესვლა და „ნაცმოძრაობასთან“ აფილირება, შესაბამისად, მან მიიღო დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის გადაწყვეტილება.

„ეს არის საქმიანი კოალიციის შექმნის მცდელობა. ჩემი აზრით, შეიძლება ამაში ბევრი არ მეთანხმება, ისევე როგორც მიშას აზრით, ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი [„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ] ახლა არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც კიდევ უფრო საჭირო გახდება უახლოეს მომავალში, იმიტომ, რომ ვფიქრობ გაძლიერდება და გაცილებით უფრო სწორ ნიშას იპოვის.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, არ უნდათ პარტიასთან აფილირება, პარტიაში შესვლა, რასაც თავისთავად ზღუდავდა ის პირველი გეგმა და ამიტომ, ქმნის საბჭოს – დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, რომ მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა, მე თქვენ გაძლევთ ჩემს ინსტრუმენტს, რომელიც არის ჩემი შექმნილი პარტია, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი, მე თქვენ გენდობით.

მე მაგალითად, არ დავასახელებ სახელებს და გვარებს, სამი შეხვედრა ვისთანაც მქონდა, ყველა არაპარტიული ადამიანია, თავიანთ სფეროებში პროფესიონალი, მცოდნე“, – აცხადებს ჟორჟოლიანი.

კითხვაზე, ხომ გახდებიან ეს ადამიანები მერე პარტიულები, ჟორჟოლიანი პასუხობს, რომ არ გახდებიან, ვინაიდან, „შეიძლება ის ადამიანი, რომელმაც რეფორმებში მონაწილეობა მიიღოს, აღარ შევიდეს პარტიაში ექვსი თვის შემდეგ“.

Back to top button