
თელავის მუნიციპალიტეტში ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 700 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
წინანდლის, ბუშეტისა და ქვემო ხოდაშენის ტერიტორიაზე არხის მონაკვეთები, რომელთა საერთო სიგრძე 2 500 მეტრია, ხე-ბუჩქნარისა და დანალექი გრუნტისგან იწმინდება. საირიგაციო სისტემის გამართული მუშაობა ფერმერებს სარწყავი წყლით შეუფერხებლად სარგებლობისა და სავარგულების დროულად მორწყვის საშუალებას მისცემს.
სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე მუშაობს.