გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტო” შეიქმნა

საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, დღეიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტო შეიქმნა.

ახალი სააგენტო სამინისტროს ცენტრალიზებული ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის, სატელეფონო ცენტრისა და სერვისების განვითარების მიმართულებების ინტეგრაციის შედეგად ჩამოყალიბდა. მისი მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომხმარებელთა მომსახურებისა და ციფრული სერვისების განვითარების ერთიანი ხედვისა და კოორდინირებული მართვის ჩამოყალიბება.

სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და სამინისტროს მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ცენტრისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა. სააგენტო ასევე უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ადმინისტრირების ხელშეწყობას, გეოსაინფორმაციო სისტემებისა და სივრცითი მონაცემების მართვას, აეროგადაღებისა და მონიტორინგის განხორციელებას, სახელმწიფო სერვისების განვითარებასა და მათი მიწოდების პროცესების სტანდარტიზაციას, მომხმარებელთა სატელეფონო და ტექნიკურ მხარდაჭერას, ასევე სამინისტროს სისტემაში ერთიანი ციფრული და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირებასა და განვითარებას.

ახალი სააგენტოს შექმნა მნიშვნელოვნად შეამცირებს ფუნქციების დუბლირებას, დააჩქარებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების უფრო ეფექტიან და რაციონალურ გამოყენებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შემდგომ განვითარებას.

ერთიან სტრუქტურაში აღნიშნული ფუნქციების კონსოლიდაცია შექმნის ცენტრალურ საინფორმაციო ჰაბს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების, ციფრული სერვისების, ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და მომხმარებელთა მოთხოვნების მართვის ინტეგრირებულ სისტემას და ხელს შეუწყობს სამინისტროს სისტემაში თანამედროვე, ეფექტიანი და ერთიანი ციფრული მმართველობის განვითარებას.

ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტოს ცოტნე ბუჩუკური უხელმძღვანელებს, რომელიც სააგენტოს შექმნამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

Back to top button