ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სექტორში განხორციელებული ცვლილებების, რეფორმებისა და სახელმწიფოს მხრიდან ფერმერთა მხარდაჭერის მექანიზმების გასაცნობად,   მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს შეხვედრებს.

ტარიფთან, სუბსიდირებასთან და სარწყავ სეზონთან დაკავშირებული საკითხები კომპანიის წარმომადგენლებმა ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების: გიორგიწმინდას, ფერსისა და მუგარეთის მოსახლეობასთან ერთად განიხილეს.

ფერმერებს განემარტათ, რომ „საქართველოს მელიორაცია“ წყლის მიწოდებას წინასწარ შეთანხმებული და დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ახორციელებს. მორწყვის პერიოდს ფერმერები თავად ირჩევენ, ხოლო სარწყავი წყლის დადგენილ საფასურს მხოლოდ მომსახურების მიღების შემდეგ იხდიან.

აღინიშნა ისიც, რომ პირველი მორწყვის ოპერაციის ღირებულება ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში 116.50 ლარია ჰექტარზე, მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში კი _ 102 ლარი. მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ხოლო დამატებითი (მეხუთე და შემდგომი) მორწყვის მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასურს მომხმარებელი მოქმედი ტარიფის მიხედვით გადაიხდის.

მსგავსი შეხვედრები ფერმერების დროულ ინფორმირებას, მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გაცემასა და პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერებას ემსახურება.

Back to top button