
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში მდებარე ღვინის მარანს შპს „უფლისციხის მამული“ ეწვია. მინისტრმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, საწარმოს ინფრასტრუქტურა, ვენახი და გასტრო სივრცე დაათვალიერა და კომპანიის საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
შპს „უფლისციხის მამული“ 2020 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 311 259 ლარის თანადაფინანსება აქვს მიღებული.
„ქართული მეღვინეობა ერთდროულად აერთიანებს მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, თანამედროვე წარმოებასა და ეკონომიკურ პოტენციალს. შესაბამისად, ზრუნვა ქართული ღვინის ხარისხზე, მის პოპულარიზაციაზე პირველი რიგის ამოცანაა ჩვენთვის. ის სიახლეები, რომლებიც უკვე დანერგილია ღვინის სექტორში და რომლებზე მუშაობაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ქართული ღვინო იყოს კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის და ღირებულების. სახელმწიფო პოლიტიკაც ხარისხიანი ღვინის წარმოების წახალისებისკენ არის მიმართული”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, შპს „უფლისციხის მამულმა“ აგროწარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სათბურის მოწყობისთვის თანადაფინანსება მიიღო.
კომპანიამ ასევე ისარგებლა ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამით, რომლის ფარგლებში დაუფინანსდა ბიომევენახეობის მიმართულება, მათ შორის შესაბამისი პრეპარატების შეძენა.
მეურნეობის განვითარებისთვის კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამითაც ისარგებლა – მარნის მშენებლობის, ყურძნის გადამმუშავებელი დანადგარებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად. ასევე, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტრაქტორისა და ტრაქტორზე მისაბმელის შესაძენად მიიღო დაფინანსება.
დღეს შპს „უფლისციხის მამული“ წლიურად 10 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. საწარმოს სადეგუსტაციო სივრცე 60 სტუმარზეა გათვლილი, ხოლო წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. კომპანიაში მუდმივად 8 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი დასაქმებულთა რაოდენობა 20-მდე იზრდება.
ღვინის მარანში მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.