გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში რეგულირების ობიექტების 2411 ინსპექტირება განახორციელა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, რეგულირების ობიექტების (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მფლობელი სუბიექტების, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული საწარმოების) 2411 ინსპექტირება განახორციელეს.

განხორციელდა 190 ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება. მათ შორის,  39 – გარემოზე ზემოქმედების ნებართვით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გათვალისწინებული პირობების შესრულების შემოწმება; 10 – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 9 –  გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების იდეტიფიცირების მიზნით სასოფლო-სამეურნეო ნათესებიდან ნიმუშების აღება/შემოწმება;6 – სოჭის გირჩით/თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 3 – ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 1 – სამონადირეო მეურნეობის, თევზჭერის სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება და 120 – საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება.

2026 წლის 6 თვეში, 130 რეგულირების ობიექტს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა  გამოვლენილი დარღვევების გონივრულ ვადაში აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით.

2026 წელს, დეპარტამენტი ჯამში, 125 რეგულირების  ობიექტის გეგმიურ შემოწმებას განახორციელებს.

რეგულირების ობიექტების შემოწმებათა დაგეგმვა რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შესაბამისად ხორციელდება. ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გეგმიური ინსპექტირებაა, ვინაიდან, კომპანიები ცდილობენ გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრან და მათი საქმიანობა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს. გეგმიური შემოწმებების პარალელურად, დეპარტამენტის ინსპექტორები, მოქალაქეების განცხადებებისა და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინებების საფუძველზე არაგეგმიურ ინსპექტირებებსაც მთელი წლის განმავლობაში ახორციელებენ.

Back to top button