
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებს შენიღბულად ჰქონდათ მოწყობილი ონლაინგათამაშების ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, უცხოური ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე, პირდაპირი ტრანსლაციის („სტრიმინგის“) სახით, გადაიცემოდა აზარტული და მომგებიანი თამაშების მიმდინარეობა.
ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით 100 000 ლარი უნდა გადახდილიყო.
ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.