ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ მიხეილ გოგოლიძესთან და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით კვიციანთან ერთად, ქალაქ ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

„ფოთის მუნიციპალიტეტში მშენებარე ნარჩენების გადამტვირთავი სადგური ზუგდიდში მიმდინარე თანამედროვე ნარჩენების განთავსების ობიექტის ინფრასტრუქტურის ნაწილია. სადგური ფოთის მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას როგორც ფოთის მუნიციპალიტეტში, ისე მთლიანად რეგიონში“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და რეგიონში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

Back to top button