
„უმნიშვნელოვანესია ზოგადად ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარება და შესაბამისად, ოპერირებაში შესვლა ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვის, შუა დერეფნისთვის”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავითარებს.
“საქართველოს მთავრობას აქვს მწყობრი და თანმიმდევრული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა იმისათვის, რომ საქართველოს როლი გაიზარდოს საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ქსელებში”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანის განცხადებით, მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით 2030 წლისთვის დაგეგმილია ტვირთბრუნვის გაორმაგება და შესაბამისად, საქართველო უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონში იყოს სანდო და ეფექტიანი პარტნიორი.
„აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება გეგმა-გრაფიკის შესაბამისად და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2029 წელს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა მიიღოს პირველი გემი”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.