გიორგი კახიანი: პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს

„როდესაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური წყობილების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, მეორე მხრივ კი – პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

კახიანის შეფასებით, თუ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, მისი საქმიანობის გაგრძელება ზრდის ამ საფრთხის განხორციელების შესაძლებლობას.

„მესმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანა არის ინტერესთა ბალანსის დადგენა, თუ სად გადის ამ ინტერესთა ბალანსის ხაზი. როდესაც დღეს ვსაუბრობთ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე, ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუნდამენტური კონსტიტუციური ინტერესი. ერთი მხრივ, ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა, კონსტიტუციური წყობილების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, მეორე მხრივ კი – პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება არსებობს და ხორციელდება დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში. სხვანაირად ვერ იფუნქციონირებს პოლიტიკური გაერთიანება და სწორედ ეს წესრიგი უზრუნველყოფს პოლიტიკური კონკურენციის, პლურალიზმისა და მოქალაქეთა პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობას. შესაბამისად, პოლიტიკური გაერთიანების თავისუფლება ვერ განიმარტება იმგვარად, რომ იგი სახელმწიფოს ავალდებულებდეს შეუზღუდავად დაუშვას ისეთი ორგანიზაციის საქმიანობა, რომლის კონსტიტუციით აკრძალული მიზანი და საქმიანობა სათანადოდ არის დადასტურებული და რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ კონსტიტუციურ წესწყობილებას. ამ თვალსაზრისით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არა დემოკრატიული პლურალიზმის გაუმართლებელ შეზღუდვას, არამედ კონსტიტუციური გარემოს შენარჩუნებას ემსახურება, რომლის არსებობაც პოლიტიკური პლურალიზმის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. თუ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა რეალურ და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი საქმიანობის გაგრძელება ზრდის ამ საფრთხის განხორციელების შესაძლებლობას. აღნიშნული კონსტიტუციური სიკეთის დაცვის ინტერესი აღემატება კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობის გაგრძელების ინტერესს და ეს უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ. ასეთ პირობებში პოლიტიკური პარტიის აკრძალვა პროპორციული ღონისძიებაა, რადგან ემსახურება იმ ფუნდამენტური კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, რომელიც თავად პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს“, – განაცხადა კახიანმა.

Back to top button