საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ოთარ შამუგია წარადგინა.
როგორც პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოთარ შამუგიას სამინისტროში 16 წლის მუშაობის გამოცდილება აქვს და მან დეტალურად იცის, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას და გარემოს დაცვას.
„რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, მე წარმოგიდგენთ ბატონ ოთარ შამუგიას, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო. ბატონი ოთარის შესახებ მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ვუთხრა საზოგადოებას – ოთარი არის დევნილი სოხუმიდან. ის დაიბადა და გაიზარდა სოხუმში, ასევე სკოლა დაამთავრა სოხუმში. შემდეგ დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი, პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. მან დეტალურად იცის, თუ რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება. კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას ჩვენს მინისტრებს, ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ეკონომიკის განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიმართულებით მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან და ბევრ სიახლეს წარვუდგენთ საზოგადოებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.