
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, დღეს, 34 წელი შესრულდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ გიორგაძესთან, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის თავმჯდომარესთან, გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.
”პირველ რიგში, ვუსამძიმრებ თითოეული ჩვენი გმირის ოჯახის წევრებს და სრულიად ჩვენს ქვეყანას… 14 აგვისტო არის ერთ-ერთი მტკივნეული თარიღი, იმიტომ, რომ ეს იყო არა დაახლოების, არამედ დაშორიშორების კიდევ ერთი ზღუდე. იმის შემდგომ, ჩვენ, მთელი არსით ვცდილობთ იმას, რომ, რაც შეიძლება, ნაკლებმტკივნეულად გადავლახოთ ეს ტკივილი, ეს ემოციური ფონი და ჩვენს შვილებს მივცეთ საშუალება და უნარი, ერთად თანაცხოვრებისა ერთ, ძლიერ და თავისუფალ სამშობლოში… ჩვენ ვდგევართ აქ, ჩვენი გმირების მემორიალურ დაფასთან და აქედან კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს… მშვიდობაზე ჩვენი გულანთებული პოზიციონირება არანაირად არ ნიშნავს უუნარობას ქვეყნის თავდაცვისათვის ღვაწლში; რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა და ესწრაფვი მას, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისთვის,”-განაცხადა კობა კობალაძემ.
ჩვენი ქვეყნის მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაცემული მეომრების ხსოვნას, დღეს, გმირთა მემორიალზე, პატივი მიაგეს, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა_მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” დირექტორმა, ედუარდ ჯიშკარიანმა, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, მალხაზ ჩიხლაძემ, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ, გენერალ-მაიორმა ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.
ინფორმაციისთვის, სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში,1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის, ქართული სამხედრო ფორმირებები ებრძოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, ჩრდილო- კავკასიელ კონფედერატებს, კაზაკებს, ადგილობრივი სომხებისგან შექმნილ ”ბაგრამიანის ბატალიონს”, რომელთაც მხარს უჭერდა რუსეთი. უთანასწორო ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
ომის შედეგად, საქართველოს 300 ათასამდე მოქალაქე, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა, ეთნიკურად ქართველი იყო, დევნილად იქცა; საომარ მოქმედებებში, 5000-მდე სამხედრო მოსამსახურე და გასამხედროებული შენაერთების მებრძოლები დაიღუპნენ, დაახლოებით ამდენივე დაეღუპათ აფხაზებსაც იმათგან, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა. მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა, ქართველი ეროვნების მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, ორჯერ მეტია, რაც სეპარატისტებისა და მათი მოკავშირეების მიერ, ეთნიკურად ქართველთა მასობრივად დახვრეტის შედეგია. ომის შედეგად, ასეულობით პირი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 10 ათასამდე კი დაიჭრა და დასახიჩრდა.