
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი საქართველოში თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა. როგორც დავით სონღულაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში, ბიზნესმენ მიხო სვიმონიშვილის ინიციატივითა და საქართველოსა და შვეიცარიის პარტნიორობის ფარგლებში შექმნილ შვეიცარიულ აგრარულ სკოლა „კავკასიაში“ ვიზიტისას განაცხადა, ხელისუფლება ცდილობს გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება და ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი პროფესიული განათლება, ხოლო მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანაში გამოიყენონ.
შვეიცარიულ აგრარულ სკოლაში „კავკასია“ მინისტრთან ერთად ქვემო-ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მინისტრის მოადგილეები გიორგი წკრიალაშვილი და ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი იმყოფებოდნენ.
მინისტრმა სკოლის ინფრასტრუქტურა, მეცხოველეობის ფერმა და რძის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. დავით სონღულაშვილმა სკოლის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტებისთვის პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებისა და წარმოების განვითარების შესახებ.
„აგრარულ სკოლაში სტუდენტები სწავლასთან ერთად უშუალოდ ფერმასა და საწარმოში იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და ახალგაზრდებისთვის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებას, გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება და ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ხარისხიანი პროფესიული განათლება, ხოლო მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანაში გამოიყენონ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეგახსენებთ, შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ მიხო სვიმონიშვილის ინიციატივით, საქართველოსა და შვეიცარიის პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა. სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს მეცხოველეობის ფერმა და რძის გადამმუშავებელი საწარმო, სადაც შვეიცარიული ტექნოლოგიით ყველი და სხვა რძის პროდუქტები მზადდება. საწარმოს პროდუქცია საქართველოს ბაზარზე იყიდება და ექსპორტზეც გადის.