ბრიტანული კომპანია „Contact Web Ltd“ საქართველოში ოპერირებას იწყებს

ბრიტანულმა კომპანია „Contact Web Ltd“-მა საქართველოში საქმიანობა დაიწყო. კომპანიის საქართველოში შემოსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინვესტიციების სააგენტოს“ აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

კომპანიის საქართველოში გაფართოების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2026 წლის აპრილში თბილისში გამართული BPO სექტორის ლიდერების სამიტი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინვესტიციების სააგენტო“ მასპინძლობდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით მოქმედი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის „Contact Web Ltd“-ის აღმასრულებელი დირექტორი ტომ ჰორნე. ვიზიტის ფარგლებში კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, ბიზნესგარემოსა და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს, ასევე შეხვედროდა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს.

აღნიშნული ვიზიტისა და „ინვესტიციების სააგენტოსთან“ შემდგომი აქტიური თანამშრომლობის შედეგად, „Contact Web Ltd“-მა საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

BPO ინდუსტრიის წარმომადგენელმა კომპანიამ საქართველოს ბაზრის არჩევისას ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ კონკურენტულ უპირატესობებზე, მათ შორის მრავალენოვანი და კვალიფიციური ადამიანური რესურსის ხელმისაწვდომობაზე, ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და ოპერაციულ ხარჯების ეფექტურობაზე.

„Contact Web Ltd“ ციფრული ბიზნეს სერვისებისა და მომხმარებელთა გამოცდილების (CX) მიმართულებით საქმიანობს. საქართველოში მისი გუნდის გაფართოება ეტაპობრივად იგეგმება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტომ ჰორნეს განცხადებით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა ეტაპობრივად 250 ადამიანს მიაღწევს. „Contact Web Ltd“-ის ადგილობრივი გუნდი, საქართველოდან, მსოფლიოს ორ წამყვან ბრენდს მოემსახურება.

Back to top button