
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე სოფელ ზეკარში, მდინარე ქერშავეთზე უკანონო თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა.
სამართალდამრღვევს უკანონო ჰქონდა მოპოვებული „წითელი ნუსხით“ დაცული მდინარის კალმახი.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამისად, დასჯადი ქმედებაა მისი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებაც.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
მოქალაქეებს შეუძლიათ სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153, სადაც თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება ხორციელდება.