
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი „მწვანე ბანაკი – კლიმატის ელჩების“ მეექვსე ნაკადს უმასპინძლებს. პროგრამის ფარგლებში, კონკურსის საფუძველზე შერჩეული 50 ახალგაზრდა ერთი კვირის განმავლობაში გარემოსდაცვით საკითხებს გაეცნობა, დარგის სპეციალისტებთან ერთად იმუშავებს და მრავალფეროვან პრაქტიკულ და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვება.
ბანაკი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში დაგლას უებმა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ეროვნული პროგრამის ოფიცერმა თამარ ხურცილავამ გახსნეს.
„მწვანე ბანაკი – კლიმატის ელჩები“ ახალგაზრდებისთვის არის შესაძლებლობა მიიღონ მეტი ინფორმაცია გარემოსდაცვით საკითებთან დაკავშირებით. ჩვენი სამინისტროსთვის გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა სკოლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია,” – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
ბანაკის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ორეტაპიანი კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. პირველ ეტაპზე კანდიდატებმა განაცხადები წარადგინეს და მოამზადეს ვიდეორგოლები, რომლებშიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მნიშვნელობასა და საკუთარ საპროექტო იდეებზე ისაუბრეს. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულმა კანდიდატებმა გასაუბრება გაიარეს.
თამთა დევდარიანმა „მწვანე ბანაკი – კლიმატის ელჩების” პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ცენტრის მიერ ახალგაზრდებისთვის განხორციელებულ საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ინიციატივებზე გაამახვილა. მისი განცხადებით, მსგავსი პროგრამები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ახალი გამოცდილება, განივითარონ პრაქტიკული უნარები და აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.
„მწვანე ბანაკი – კლიმატის ელჩების“ პროგრამა მონაწილეებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, პრაქტიკულ სწავლებასა და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულ აქტივობებს მოიცავს. ახალგაზრდები ისეთ თემებს გაეცნობიან, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, კატასტროფების რისკის შემცირება, ტყის რესურსების მდგრადი მართვა, ნარჩენების მართვა, განახლებადი და ალტერნატიული ენერგია, ეკოსისტემური სერვისები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები.
ბანაკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების განვითარება. მიღებული გამოცდილება მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ბანაკის დასრულების შემდეგ საკუთარ თემებში ახალგაზრდული და გარემოსდაცვითი ინიციატივები განახორციელონ და მიღებული ცოდნა თანატოლებს გაუზიარონ.
„მწვანე ბანაკი – კლიმატის ელჩები“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის, საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.