არჩილ გორდულაძე: თუ ერთი კონკრეტული პირის გაკეთებული განცხადება გამოიწვევს ეთნიკურ შუღლს და ამ ყველაფერს პარტია დუმილით შეხვდება, შუღლის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ამ პარტიასაც შეერაცხება

„ყველაზე მარტივი არის დადგენა იმისა, რომ პარტიას აქვს არაკონსტიტუციური მიზნები, როდესაც ეს მას უწერია მის პლატფორმაში, სადამფუძნებლო დოკუმენტებში ან საარჩევნო პროგრამის სახით აქვს გაცხადებული, ან პირდაპირ ამ ყველაფერზე საუბრობს. მეორე ვარიანტი არის, როდესაც ეს ყველაფერი ქმედებაში უკვე გამოხატულია. უკვე დამდგარი ფაქტებია ან კიდევ მოწოდება აქვს, რომ ასეთი ფაქტი დადგეს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მოსამართლის კითხვის საპასუხოდ. მანვე აღნიშნა, რომ პარტიის არაკონსტიტუციური მიზნების დადგენა ორგვარად ხდება.

კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს კითხვით მიმართა, „ზიანის მიყენების ფაქტი საკმარისი არის თუ არა იმისათვის, რომ დადასტურებულად მივიჩნიოთ, რომ ეს პარტია ამ მიზნით მოქმედებდა თუ ეს ცალკე მტკიცების საგანი უნდა გახდეს, რომ ასეთი შედეგის დადგომა იყო სასურველი და მიზანდასახული“.

გორდულაძემ ყურადღება გაამახვილა ე.წ. ბატასუნას გახმაურებულ საქმეზე და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით, პარტიას პასუხისმგებლობა დუმილისთვისაც კი ეკისრება.

„სტრასბურგის სასამართლოს აქვს პრაქტიკა დაყენებული, მაგალითად, „ბატასუნას“ საქმესთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ არა მხოლოდ კონკრეტული ქმედება, ნაბიჯი თუ განცხადება, არამედ დუმილიც კი შეერაცხათ პარტიებს კონსტიტუციის დარღვევად (ესპანეთის შემთხვევაში) და სტრასბურგის სასამართლომაც ეს სწორად მიიჩნია.

როდესაც შენ, ერთი მხრივ, დგამ ნაბიჯებს და ახალისებ ადამიანებს სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის პრინციპების გაუქმებისკენ, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ პარტიას სადამფუძნებლო დოკუმენტებში ძალიან კარგი დემოკრატიული მიზნები და მაღალფარდოვანი სიტყვები აქვს ჩაწერილი, და ამავდროულად, ზოგადი კონსტიტუციური წყობილების დამხობას უზრუნველყოფ იმით, რომ არ იძიებ კონკრეტულ საქმეებს, არ სჯი კონკრეტულ პირებს, არ ემიჯნები და არ გმობ ასეთ საკითხებს, არამედ სისტემატურად იმეორებ მსგავს ნაბიჯებს, ეს, რა თქმა უნდა, ქმნის სამომავლო საფრთხესაც, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ისევ ანალოგიურად იმოქმედებ.

არ შეიძლება კონკრეტულ საკითხს, მითუმეტეს როდესაც საქმე კონსტიტუციას ეხება, მხოლოდ სიტყვასიტყვითი განმარტებით მივუდგეთ. აქ საკონსტიტუციო სასამართლომ და თითოეულმა მოქალაქემაც უნდა შეაფასოს ნორმის სულისკვეთება.

მათ შორის შუღლთან დაკავშირებითაც: თუ, მაგალითად, ერთი კონკრეტული პირის განცხადება გამოიწვევს ეთნიკურ შუღლს და ამ ყველაფერს პარტია დუმილით შეხვდება, შუღლის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ამ პარტიასაც შეერაცხება, მიუხედავად იმისა, რომ სადამფუძნებლო დოკუმენტებში უწერია, თითქოს პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და დისკრიმინაციის აღმოფხვრას ემხრობა.

აქ მთავარი ის კი არ არის, ერთი კონკრეტული ადამიანი რას ამბობს ან აკეთებს, არამედ ის, თუ კრებითად რა ნაბიჯებს დგამენ და როგორ მოქმედებენ პარტიები. მთავარია კონკრეტული ქმედება და არა მხოლოდ სიტყვები თუ წერილობითი შეთანხმება. თითოეული საკითხი კომპლექსურად უნდა შეჯამდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად სისტემურად და განგრძობითად ხდება სამართლებრივი სახელმწიფოს, დემოკრატიის პრინციპის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ზოგადად კონსტიტუციური წყობილების დარღვევა“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

Back to top button