კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

კახეთის მხარეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესა და გურჯაანის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. პროექტები მიზნად ისახავს საირიგაციო სისტემების გამართულ ფუნქციონირებას, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესებასა და ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების ხარისხის ამაღლებას. ასევე განიხილეს სარწყავ სეზონთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

„რეგიონებში არსებული საჭიროებების ადგილზე გაცნობა და თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობა კომპანიისთვის პრიორიტეტულია. აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს პრობლემური საკითხების ერთობლივ იდენტიფიცირებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით კოორდინირებული გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ინფორმაციას „საქართველოს მელიოორაცია“ ავრცელებს.

Back to top button