ივანე აბაშიძე: მიმდინარე წლის 7–8 სექტემბერს ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2026) გაიმართება

„7–8 სექტემბერს ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2026) გაიმართება” – ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფორუმის ძირითადი აქცენტები იქნება საქართველოს როლი შუა დერეფანში და საქართველოზე გამავალი სატრანზიტო და სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობა.
„ხაზგასმული იქნება ის მულტიმოდალური კონტექსტი, რომელიც საქართველოს გააჩნია და ზოგადად, საქართველოს როლი საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში, საქართველოს ნავსადგურების,  საქართველოს საზღვაო დროშის როლი. რა თქმა უნდა, ხაზს გავუსვამთ საქართველოს მეზღვაურების როლს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში” – აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, ფორუმი ტარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით და მას დაესწრებიან პარტნიორი სახელმწიფოების მინისტრები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ასევე  საზღვაო სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური მდივნები და ინდუსტრიის ლიდერები.
„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ლიდერ როლს შუა დერეფანში და საქართველოს აყალიბებს შავ ზღვაზე იმ ძირითად კარიბჭედ, რომელიც, რა თქმა უნდა, აკავშირებს აზიას და ევროპას ვაჭრობის და სატრანზიტო დერეფნის თვალსაზრისით”, – განაცხადა აბაშიძემ.
Back to top button