
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 136 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 810 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 314 – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს.
2026 წლის 8 თვეში დალუქულია 47 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 265 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში – 204, კახეთში – 191, იმერეთში – 152, სამცხე-ჯავახეთში – 81, ქვემო ქართლში – 55, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 49, გურიაში – 45, შიდა ქართლში – 40, მცხეთა-მთიანეთში კი – 35.
7 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც – გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 8 თვეში გამოავლინეს 3 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი.
ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.